NBA-ში მორიგი თამაშები გაიმართა. ინა დღის მსგავსად ამჯერადაც განსაკუთრებული მატჩი ვიხილეთ ლოს ანჯელესური დერბის სახით. მოლოდინი გამართლდა, ლეიკერსისა და კლიპერსის თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

Battle of Los Angeles

ყოველთვის კარგია ლეიკერსის ყურება, როცა ლებრონი და დევისი ჯანმრთელები არიან. პარკეტზე იყო დანჯელო რასელიც. კლიპერსის მხრიდანაც შეივსო სამეული – ჯორჯი, კავაი და უესტბრუკი ჯანზე არიან.

პირველი მეოთხედი კლიპერსის იყო, ყველაზე კარგ მონაკვეთში უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. კავაის სროლა წაუვიდა და ასეთ დროს მისი შეჩერება ძალიან რთულია. საბოლოო ჯამში, შეხვედრა ხუთი სამქულიანით დაასრულა.

მეორე ნახევარში კლიპერსმა უპირატესობა შეინარჩუნა, მაგრამ ლეიკერსმა თამაში აშკარად გამოასწორა. უმეტესად კლიპერსიდან რასი აქტიურობდა, ლეიკერსიდან ლებრონ ჯეიმსი. იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც კლასიკური, უფრო სწორად, უკვე კლასიკად ქცეული ლებრონი ვიხილეთ.

მესამე მეოთხედის მთავარი ჰაილაითი ლებრონის დაფარებაა რას უესტბრუკზე. საერთოდ, ლებრონის ფიზიკური ფორმა გაოცებას იწვევს, გასაგებია, რომ რეგულარული სულ ახლახანს დაიწყო, დასვენება და ძალების აღდგენა მოასწრო, ახალ სეზონს იმედიანად და დიდი ენერგიით ხვდება, მაგრამ ამ კაცს ასაკი ისევ არ ეტყობა, ის ასაკი, რომელიც პასპორტში უწერია. ვნახოთ სადამდე გაჰყვება ენერგია, და რამდენად შეინარჩუნებს ჯანმრთელობას.

მესამე მეოთხედში ანგარიში გათანაბრდა, უმეტესად ლებრონის დამსახურებით, თუმცა, ლეიკერსმა ძალიან კარგი გუნდური თამაში აჩვენა. რივზი რომ რივზია, იმანაც კი ალენ აივერსონის მოძრაობა გვაჩვენა და მეტოქეს კინაღამ კისერი მოსტეხა. არადა, სწორედ ლეიკერსის წინააღმდეგ შეასრულა ალენმა ე.წ ქროსოვერი, თავის საუკეთესო სეზონში.

მეოთხე მეოთხედიც თანაბრად წარიმართა, კლიპერსს თამაშის ბოლოს ჩამორჩენა ჰქონდა, მაგრამ პოლ ჯორჯის მასტერკლასის წყალობით შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს. ბოლო სროლა რასელმა დაიტოვა, მაგრამ ბურთი ფარმა აიხლიტა. ასე გადავედით ოვერტაიმში, სადაც რივზის განსაკუთღებული თამაშით და ლებრონის სწორად, რაციონალურად გადანაწილებული ენერგიით, ლეიკერსმა შეძლო და თამაში 130:125 მოიგო.

დღის სხვა შეხვედრები