საინტერესო შეხვედრები გაიმართა NBA-ში. რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია ლოს ანჯელესური დერბი. თუმცა, კარგი იქნება თუ თხრობას და მიმოხილვას ჩვენიანით დავიწყებთ. გოგა ბითაძემ ისევ სასტარტოში ითამაშა და კარგი შედეგიც აჩვენა.

ორ სიტყვას ვიტყვით ასევე დალას მავერიქსზე, რომელსაც კაირი ირვინგი დაუბრუნდა, ნელ-ნელა ფორმაში შედის და უკეთეს სტატისტიკასაც ვხედავთ.

ორლანდო vs ატლანტა

ეს თამაში პაოლო ბანჩეროსა და ტრეი იანგის დუელად მოინათლა. ზედაპირულად თუ შევხედავთ ეს დუელი ბანჩერომ მოიგო – უფრო მეტი ქულა დააგროვა და მისმა გუნდმაც გაიმარჯვა.

ორლანდოს შემადგენლობაში ბანჩეროს გარდა მხოლოდ გოგა ბითაძემ შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება. მატჩამდე იწერებოდა, რომ კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებდა, მაგრამ გოგა დაბრუნდა და ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაც ჩაატარა მიმდინარე სეზონში.

მაინც მისი სადებიუტო სეზონი გამახსენდა, ბევრი უაზრო ფოლი და ერთი საგულისხმო ამბავიც – დაცემულ კაცს ყოველთვის სთავაზობს დახმარებას ფეხზე წამოსაყენებლად. თავის დროზე საბონისმა და მაილზმა უთხრეს, რომ NBA-ში ამას მხოლოდ თანაგუნდელები აკეთებენ, მაგრამ ინსტიქტი მაინც თავისას შვება – მეტოქე ეცემა და გოგა მიდის დასახმარებლად.

ძირითადი დრო ტრეი იანგის დამსახურებით 105:105 დასრულდა. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ორლანდო უკეთესი გუნდი აღმოჩნდა.

საბოლოოდ ორლანდომ 117:110 მოიგო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ორლანდო მეოთხე ადგილზეა, ატლანტა მეთორმეტეზე. მეჯიქი მომდევნო შეხვედრაში მინესოტას დაუპირისპირდება, ჰოუქსის მეტოქე კი ფილადელფია სიქსერსი იქნება.

ლეიკერსი vs კლიპერსი

თამაში კლიპერსის უპირატესობით დაიწყო. დრო და დრო მეფე ამოქაჩავდა ხოლმე, შეამცირებდა დისტანციას, მაგრამ კლიპერსი პირველ ნახევარში მაინც წინ გადიოდა და ლოგიკურად მოიგო კიდეც – 53:49.

მერე კიდე 39 წლის კაცი კიდვ ერთხელ გაფრინდა! ლებრონი ისეთ ასაკშია, ახლა ყოველ ასეთ აწევას ოვაცია და განსაკუთრებული აღნიშვნა მოჰყვება. მისგან არ გვიკვირს, უბრალოდ ცხოვრებისეული კანონზომიერების რღვევა გვაკვირვებს.

პოლ ჯორჯს თავზე გადააფრინდა!

ამის მერე, რა თქმა უნდა, ლეიკერსი თამაშს მატრიალებდა. მესამე მეოთხედი მათი გამარჯვებით დასრულდა – 81:77.

ბოლო მეოთხედში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ლეიკერსი მაინც უფრო დამაჯერებელი იყო – 106:103.

რეგულარული სეზონი