არგენტინამ ავსტრალია დაამარცხა და 1/4 ფინალში ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს. ალბისელესტემ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და კატარის მუნდიალზე მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. ასეთივე სერიის შანსი ბრაზილიას და პორტუგალიასაც ჰქონდათ, თუმცა ჯგუფის ბოლო მატჩი ორივე ნაკრებმა დათმო.

მატჩში დაძაბულობა მხოლოდ ბოლო წუთებს ახლდა თან. პირველი ტაიმი ლიონელ სკალონის გუნდმა ლიონელ მესის გოლით მოიგო. არგენტინელმა ფლეიოფში მუნდიალებზე პირველად გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ნიკოლას ოტამენდის გადაცემა გამოიყენა.

ეს მესისთვის კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გატანილი გოლი იყო. პსჟ-ის შემტევს აქტივში ერთი საგოლე გადაცემაც აქვს. ბომბარდირთა დავაში ამ დროისთვის 6 ფეხბურთელი ლიდერობს.

მეორე ტაიმში სამხრეთ ამერიკელთა უპირატესობა ორამდე ხულიან ალვარესმა გაზარდა. მანჩესტერ სიტის ფორვარდმა ავსტრალიელთა მეკარე რაიანის შეცდომით ისარგებლა და ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა.

შემდეგ გრემ არნოლდის ცვლილებებმა იმუშავა. ავსტრალია უფრო თამამად ათამაშდა, რაც 76-ე წუთზე ენცო ფერნანდესის ავტოგოლში აისახა.

ემილიანო მარტინესმა გარან კუოლის ბოლო წუთზე აუღო | Setanta Sports
კუოლის დარტყმულის მოგერიებით ემილიანო მარტინესმა არგენტინა ექსტრა ტაიმში თამაშისგან იხსნა

დარჩენილ ოც წუთში ორივე კართან არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, ემილიანო მარტინესი და მეთიუ რაიანი, დარჩენილ დროში, მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. საბოლოოდ 2-1 და 1/4 ფინალში არგენტინა ნიდერლანდებზე გავიდა.

ნიდერლანდები და არგენტინა 9 დეკემბერს, ლუსაილის სტადიონზე ითამაშებენ. წყვილში გამარჯვებული ბრაზილია-სამხ. კორეა-ხორვატია-იაპონიის კვარტეტიდან ნახევარფინალში გასულს შეხვდება.