მეორე წრეზე წავედით, Game 2 კლივლენდისა და ორლანდოს შეხვედრით გაიხსნა. ისე მოხდა რომ მასპინძლები დღის სამივე თამაშში ორი მოგებით დაწინაურდნენ. მეორე შეხვედრა მოიგეს კლივლენდმა, დენვერმა და ნიქსმა.

ოღონდ, სათქმელი ბევრია – კლივლენდ კავალიერსისა და ორლანდო მეჯიქის თამაშისგან განსხვავებით, დანარჩენ ორ შეხვედრაში თანაბარი და დრამატული ბრძოლა ვიხილეთ.

მოდი, ბითაძის გუნდით დავიწყოთ.

კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი

კლივლენდი ორი მოგებით დაწინაურდა. გოგა ბითაძეს კი არც ამჯერად მისცეს სათამაშო დრო. ამ წყვილს შორის, შესაძლოა, ყველაზე სწრაფად დასრულდეს ყველაფერი. ჯერ წინ არის ორლანდოში გასამართი თამაშები და კლივლენდი ნამდვილად არ არის დაუმარცხებელი, მაგრამ ორლანდო მაინც ვერ ტოვებს საპლეიოფო გუნდის შთაბეჭდილებას.

რატომღაც მგონია, რომ ფლეი ინში მოხვედრის შემთხვევაში, ვერც გააღწევდნენ პლეიოფამდე. თუმცა, გამორჩეული ვარსკვლავი მათაც ჰყავთ პაოლო ბანჩეროს სახით.

კლივლენდმა 96:86 მოიგო. მესამე მეოთხედისთვის სხვაობა 22 ქულამდეც კი გაიზარდა. პირველი სამი მეოთხედი მოიგეს, ბოლო მეოთხედში კი თავს მოდუნების უფლება მისცეს.

ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი

შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ფილადელფია სიქსერსი ხუთი ქულით იყო წინ, ძალიან ახლოს გამარჯვებასთან, ძალიან ახლოს გეიმ ორის წაღებასთან და საერთო ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ ნიქსის ლიდერმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

ჯეილენ ბრანსონმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა. სიქსერსმა ბურთი შემოიტანა თამაშში და მაშინვე დაკარგა, ჯეილენ ბრანსონმა აქაც დიდი როლი ითამაშა ბურთის აღებაში, პერიმეტრზე დევინჩენცო მოინახა, რომელმაც სამიანი გააცუდა, მაგრამ ნიქსმა ფარზე ბურთი მოხსნა და ისევ დევინჩენცო დარჩა პერიმეტრზე, ამჯერად ჩააგდო – 102:101.

ნიქსმა საბოლოოდ 104:101 მოიგო. ბოლო სროლა ემბიდმა დაიტოვა და ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

რთული წარმოსადგენი იყო რომ ემბიდისა და მაქსის ასეთი თამაშის შემდეგ ნიქსი ორი მოგებით დაწინაურდებოდა. წინ გეიმ ორი და გეიმ სამი გველის – ფილადელფიაში.

დენვერ ნაგეთსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი

ენტონი დევისი ახტა და ნაგეთსის სათადარიგო სკამზე დაეშვა. თავი რომ ასწია მის გარშემო უკვე სიგიჟე ხდებოდა, ნაგეთსის მოთამაშეები მოგებას ზეიმობდნენ, დევისი არც შეიმჩნიეს, ფაქტობრივად თავისი ზეიმის ნაწილად აქციეს.

ჯამალ მარი ჰაერში აიტაცეს და აბურთავეს ასე სტაფილოსფერი ბურთივით. ჯამალმა ბოლო ორქულიანი ისროლა და თამაში მოიგო.

მატჩის შემდეგ ენტონი დევისს კითხეს – რა მოხდა ბოლო მომენტში?

ენტონიმაც მოკლედ უპასუხა – ჯამალ მარიმ ისროლა.

მერე მიკროფონი გამარჯვებული რეპერივით მიაგდო და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა.

ლებრონ ჯეიმსი მთელი სეზონია მაღალი პროცენტით ისვრის სამიანებს. ამ შეხვედრაშიც კარგი იყო. 15 წამით ადრე კიდევ ერთი გაუშვა და ჰქონდა შანსი ლეიკერსი სამი ქულით წინ გაეყვანა, მაგრამ ვერ შეძლო. მერე მარიმ ბურთი წამოიღო და თამაში მოიგო – 101:99.

დენვერ ნაგეთსმა 20 ქულიანი უპირატესობა აღმოფხვრა.

სად ვუყუროთ?

თბილისის დროით 24 აპრილს, გამთენიისას, Game 2-ის კიდევ სამი თამაში გაიმართება:

Setantasports.com-ის პლატფორმაზე მინესოტასა და ფინიქსის შეხვედრას იხილავთ.