მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ის რეგულარულ სეზონში. ვნახეთ რამდენიმე საინტერესო შეხვედრა და ერთი განსაკუთრებული პერფორმანსი.

მოდი ამით დავიწყოთ, მილუოკ ბაქსმა შური იძია, თასიდან გამოვარდნის შემდეგ ინდიანას კიდევ ერთხელ შეხვდა და 140:126 დაამარცხა.

ბაქსი vs ინდიანა

იანისი გააბრაზეს, თასიდან გამოვარდნამ როგორც ჩანს ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა, თან ჰალიბარტონმა აჯობა და კარგად უწყის რომ მასზე უკეთესია, საერთოდ, ასეთ მოთამაშეებს მიაჩნიათ რომ ყველაზე მაღლა დგანან და ასეც უნდა იყოს, უნდა ჰქონდეთ ეს ამბიცია.

ანტეტოკუნმპოს არასდროს უჭირს თვითმოტივირება, ახალი მოტივაციის გამოძებნა, ხელთავიდან ავსება იმ ენერგიით, რომელიც წამლეკავი იქნება მთელი ლიგისთვის. ჰოდა, წალეკა.

იფრინა, მილეწ-მოლეწა ინდიანას დაცვა და ახალი რეკორდებიც დაამყარა. იანისმა 64 ქულა ჩააგდო!!

ეს მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე პირადი რეკორდი 55 ქულა იყო ვაშინგტონთან, ინდიანასთან კი ყველაზე ბევრი 54 ქულა აქვს აღებული. ახლა კი ყოველგვარ ზღვარს გასცდა – 64 ქულა!

მოხსნა მილუოკის შიდა რეკორდი – აქამდე მაიკლ რიდს ჰქონდა ყველაზე მეტი ქულა, 2006 წელს იუტასთან 57 ქულა მოუტანა გუნდს. დიდხანს შენარჩუნდა ეს რეკორდი და ვის თუ არა, იანისს უნდა მოეხსნა.

თამაშში 28 მცდელობიდან 20 სროლა ზუსტი იყო. 32 საჯარიმოდან 24 ზუსტად გამოიყენა. ასე გახდა იანისი NBA-ის ისტორიაში მეხუთე მოთამაშე, რომელმაც 60+ ქულა დააგროვა ისე რომ მისი FG 70% ზე მაღალი იყო.

დიდებული გრძნობაა ამ ყველაფრის მიღწევა, კალათბურთს ვთამაშობ მოსაგებად, ვთამაშობ იმისათვის, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო, მაგრამ თამაშის ბოლოს, რეკორდის მოხსნა ამ არენაზე, ამ გულშემატკივრის თვალწინ დიდებული შეგრძნებაა”, – თქვა იანისმა მატჩის შემდეგ.

37 წუთში 64 ქულა, 14 მოხსნა, 3 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკი – ასეთია იანისის მონაგარი.

რეგულარული სეზონი

ზაიონ უილიამსონს არ უთამაშია, ბრენდონ ინგრამმა 40 ქულა ჩააგდო.

ჯოელ ემბიდის ანგარიშზე 41 ქულა, 11 მოხსნა და 5 ასისტია.

პასკალ სიაკამის ანგარიშზე 33 ქულა, 7 მოხსნა და 7 ასისტია. ტრეი იანგმა 35 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა.

ჯეირენ ჯექსონმა 44 ქულა ჩააგდო, დერიკ როუზმა 19 ქულას მოუყარა თავი.

ვიქტორ ვემბანიამამ 30 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. ენტონი დევისმა 37 ქულა და 10 მოხსნა. ჯეიმსს არ უთამაშია.

დურანტს 27 ქულა ჰქონდა, დევინ ბუკერს 34 ქულა და 12 ასისტი.

ჯულიუს რენდელმა 32 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.