დიდი დრო არ გასულა რაც ორლანდოსა და სან ანტონიოს შეხვედრაზე დავწერეთ და წუხილიც გამოვთქვით რომ ამ დაპირისპირებამ ქართველების გარეშე ჩაიარა, უფრო სწორად, სულ ბოლოს, რამდენიმე წამი მისცეს გოგა ბითაძეს. ეგ იყო და ეგ.

ისევ შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს და დამაიმედებელი კვლავ არაფერია, სანდრო მამუკელაშვილი არ გამოჩენილა, გოგა ბითაძეს კი მხოლოდ 3 წუთი დაუთმეს.

სანდროს ბოლო შვიდ შეხვედრაში მხოლოდ სამი წუთი აქვს პარკეტზე გატარებული, ორი ქულა და ორი ასისტი მიითვალა. სამ წუთში ცუდი არ არის. პოპოვიჩი კი ჯიუტად არ სწყალობს.

რაც შეეხება გოგას, ბოლო ორ შეხვედრაში დიდხნიანი უქმობის მერე 3-3 წუთი მისცეს. ბითაძე სან ანტონიოსთან ნულზე დარჩა. არც პასი, არც ქულა, არც ბლოკი, არც ჩაჭრა.

ორლანდო მეჯიქმა 127:111 მოიგო.

NBA-ში გაცილებით საინტერესო შეხვედრები გაიმართა და დროა ამას დავუთმოთ ყურადღება.

მინესოტა vs მილუოკი

თავიდანვე უცნაური იყო შუა სეზონში მაიკ ბუდენჰოლზერის გათავისუფლება და მის ნაცვლად დოკ რივერსის მოყვანა. დასკვნების გამოსატანად ჯერ მაინც ადრეა, მაგრამ დიდი ლოგიკა რომ ამ გადაწყვეტილებაში არ ყოფილა, ამას ბჭობა არ სჭირდება.

მილუოკი მეორე ადგილს იკავებდა კონფერენციაში და თამაშობდა ისე, როგორც უნდა ეთამაშა. დოკ რივერსის მოსვლის შემდეგ გუნდმა მეხუთე შეხვედრა წააგო, და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ერთის მოგება შეძლო დალასთან.

იწერება რომ მოთამაშეები უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ეჭვი შეაქვთ რივერსის მეთოდებში. რა ვიცი.. წესით, უნდა დალაგდეს ბევრი რამ, მაგრამ პლეი-ოფში ასე ქაოტურად საქმის კეთება არ ივარგებს.

მილუოკი მინესოტას შეხვდა და 129:105 დამარცხდა.

რა გასაკვირია.. ბოლო დროს ლიდერებთანაც მარცხდებიან და აუტსაიდერებთანაც. მინესოტას კი ისეთი აკრეფილი აქვს ამჟამინდელ ბაქსს ნამდვილად არ დაინდობდა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში მილუოკ ბაქსი მესამე საფეხურზე დაეშვა, მეორე კლივლენდ კავალიერსია.

რეგულარული სეზონი