NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში ტრადიციული დაძაბულობაა, პლეი-ოფის ზონის მიღმა არიან ორგანიზაციები, რომლებიც აუცილებლად იბრძოლებენ გასასვლელად. როგორც წესი, ბოლო ეტაპზე უმატებენ და ამ დროს იწყება ხოლმე დიდი ამბები.

გოლდენ სტეიტმა სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა. თუ ეს გუნდი პლეი-ოფში გავიდა ეს სტეფ კარის პირადი დამსახურება იქნება. აი, მერე კი ძალიან გაჭირდება წარმატების მიღწევა.

გოლდენ სტეიტი vs ფინიქს სანსი

თამაში თავიდანვე გახურდა. კევინ დურანტის პარკეტზე ყოფნა უკვე იწვევს დამატებით ინტრიგას, ამას კიდე ნურიკიჩისა და გრინის გაცხარებული კამათიც თან დაერთო. ეს გრინის სივრცეა, ამ თამაშში თუ აჰყევი აუცილებლად დამარცხდები.

პირველი მეოთხედი გოლდენ სტეიტმა 33:28 მოიგო.

მეორე მეოთხედმა სანახაობრივად ჩაიარა, ძალიან კარგი მონაკვეთი ჰქონდა კუმინგას, (21 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი). ფინიქსიდან კი კევინ დურანტი ცდილობდა მატჩის მოტრიალებას და რაღაც გამოვიდა, სხვაობა შემცირდა, მეორე მეოთხედი უორიორზმა 59:58 მოიგო.

მესამე მეოთხედიც თანაბრად წარიმართა, ეს უკვე დევინ ბუკერისა და სტეფ კარის დუელად იქცა. გოლდენ სტეიტმა 84:82 მოიგო. დევინ ბუკერმა თამაში 32 ქულით, 4 მოხსნით, 6 ასისტით, 1 ჩაჭრითა და 1 ბლოკით დაასრულა. 8-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. FG – 11/21.

ბოლო მეოთხედს ცეცხლი ეკიდა! თამაშის დასრულებამდე 35 წამით ადრე ანგარიში 110:110 იყო. დევინ ბუკერი დაიძრა მეტოქის ფარისკენ და რთული ორიანიც ჩააგდო. ბურთმა დიდხანს იხტუნა ფარზე და საბოლოოდ მაინც ჩავარდა – 112:110.

გოლდენ სტეიტს 35 წამი ჰქონდა, სტეფ კარიმ კუმინგა დატოვა კარგ პოზიციაში, მაგრამ კევინ დურანტმა დააფარა და ბურთი ფინიქსს დარჩა. საპასუხოდ ბრედლი ბილს შეეძლო სამიანით შეხვედრის დასრულება, მაგრამ ვერ ჩააგდო და გოლდენ სტეიტს 3’3 წამი ჰქონდა შეხვედრის გადასარჩენად, ჰოდა, რაც არ უნდა დახაზონ ამ დროს, მთელმა მსოფლიომ იცის ბურთი ვისთან მივა – სტეფ კარი ყოველთვის მზად არის.

თავიდან კევინ დურანტი ედგა, მაგრამ გრინმა დურანტი დაბლოკა, კარისთან კი ბრედლი ბილი ავიდა, გინდა ბრედლი ავიდეს, გინდა დურანტი და გინდაც მთელი ფინიქს სანსი, სტეფი ისვრის – 113:112 გოლდენ სტეიტის სასარგებლოდ.

მორჩა კინო.

ბოლო ორ შეხვედრაში სტეფმა 20 სამქულიანი ჩააგდო!

ეს სტეფის მეათე გეიმ ვინერი იყო, NBA-ის იუთუბ არხმა ვიდეოც მიუძღვნა ყველა იმ ეპიზოდს სადაც სტეფს გამარჯვება მოაქვს გოლდენ სტეიტ უორიორზისთვის. საინტერესო გამოდგა თვალის მიდევნება, სტეფი უკვე არის NBA-ის ისტორიაში საუკეთესო “შუთერი”, მცირე ხნის წინ კი შაკილ ონილმა ახალი თემა წამოჭრა, მგონი დროა კარი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა განსახილველ სიაში ჩაერთოსო. მოყვა კამათი, თუმცა, ადრე თუ გვიან ასეც იქნება.

სტეფი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ამისთვის, არც ბეჭდები აკლია, არც MVP-ის ჯილდო, გოლდენ სტეიტმა დასამახსოვრებელი ეპოქა შექმნა, თავად კი ამ გუნდის შეუცვლელი ლიდერია.

გოლდენ სტეიტმა (25/25) დასავლეთ კონფერენციაში მეათე საფეხურზე აინაცვლა, მათ წინ არიან ლეიკერსი, დალასი და პელიკანსი, მერე კი საპლეიოფო ზონაც იწყება. რაც უფრო ნაკლები დრო დარჩება რეგულარული სეზონის დასასრულამდე, მით უფრო მეტად საინეტერსო შეხვედრები გველის წინ.

უორიორზი მომდევნო შეხვედრას იუტა ჯაზის წინააღმდეგ ჩაატარებს.

რეგულარული სეზონი