კატარში პირველი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ნიდერლანდებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ფლეიოფი წარმატებულად დაიწყო, ხოლო აშშ ტურნირს დაემშვიდობა.

ლუი ვან გაალის გუნდმა ტაიმი 2-0 მოიგო. დენზელ დუმფრიზმა ჯერ მემფის დეპაის გაატანინა, ხოლო შემდეგ – დელი ბლინდს. პირველი გოლის კომბინაციაში მონაწილეობა მოედანზე მყოფმა უკლებლივ ყველა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიიღო, რამაც გოლი განსაკუთრებით გაალამაზა.

ორი უპასუხო გოლის გაშვების მიუხედავად აშშ-ის ნაკრები ურიგოდ არ გამოიყურებოდა და ანდრიეს ნოპერტს ორი დარტყმის მოგერიებაც მოუხდა.

მეორე ტაიმში გრეგ ბერჰალტერის გუნდმა კიდევ უფრო მოუმატა, რაც 76-ე წუთზე ჰაჯი რაითის გოლში აისახა. ანთალიასპორის შემტევი საგოლე გადაცემით კრისტიან პულისიჩმა მოამარგა.

ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ინტრიგამ და დაძაბულობამ 5 წუთს გასტანა. 81-ე წუთზე ნარინჯისფერებმა აშშ-ის დაცვის უყურადღებობით ისარგებლეს და საბოლოო ანგარიშიც 3-1 დააფიქსირეს. გოლი პირად აქტივში უკვე თავად დენზელ დუმფრიზმა ჩაიწერა.

ნიდერლანდები მეოთხედფინალში არგენტინა-ავსტრალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.