საფრანგეთმა ნახევარფინალში მაროკო დაამარცხა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან ითამაშებს. ლე ბლუ მუნდიალის ფინალში ისტორიაში მეოთხედ და ზედიზედ მეორედ გავიდა.

კატარში ნახევარფინალებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. საფრანგეთმა მაროკო 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩში საკვანძო ორი მომენტი იყო – პირველი, მორგან საისი ბოლომდე მწყობრში ნამდვილად არ იყო, რამაც მაღრიბელთა გეგმები იძულებითი ცვლილების გამო არია და მეორე, სწრაფი გოლი, რომელიც დიდიე დეშამის გუნდმა მე-5 წუთზე გაიტანა.

მატჩი

მაროკო 5 მცველით სათამაშოდ ამ ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა.

ანგარიში ელ იამიქის შეცდომის შემდეგ გაიხსნა. ვალიადოლიდის ცენტრალური მცველი გრიზმანის წინააღმდეგ ბურთის ჩაჭრას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მბაპეს მცველებმა არ გაატანინეს, ხოლო თავისუფალ ბურთზე პირველმა ტეო ერნანდესმა ითამაშა. მილანის მცველმა ტურნირზე მე-2 გოლი გაიტანა.

მაროკომ ტურნირზე სულ მეორე გოლი გაუშვა. პირველის(ავტოგოლი) ავტორი ნაიფ აქერდი მატჩამდე გახურებისას დაშავდა. ამას გარდა, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული აშკარად არ ჰქონდა მორგან საისს და ეს მატჩის მე-20 წუთისთვის უკვე ნათელი იყო.

ისიც ნათლად ჩანდა, რომ მთავარი მწვრთნელი ვალიდ რეგრაგი სამედიცინო შტაბით ან თავად ფეხბურთელით, ძალიან უკმაყოფილო იყო და ამას ტექნიკურ ზონაში არც მალავდა. ცვლილების დროც მალე დადგა. ტრავმირებული მცველი მორგან საისი შემტევმა ნახევარმცველმა სელიმ ამალამ შეცვალა.

საბოლოოდ, პირველ ტაიმში ვალიდ რეგრაგის გუნდი მეტოქეს ბევრი არაფრით ჩამორჩა, თუმცა 2 ზუსტი დარტყმის მიუხედავად წონასწორობა მაინც ვერ აღადგინა. უგო ლორისმა ბოლო წუთზე ლე ბლუ აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი მაროკოელებმა ცვლილებებით დაიწყეს, იაჰია ატია-ალამ ნუსაირ მაზრაუი შეცვალა. მეორე ნახევრის სტარტი მაროკოელებმა აქტიურად დაიწყეს. თუმცა კვლავ უშედეგოდ.

დიდიე დეშამმა მხოლოდ ორი ცვლილება გააკეთა. მარკუს წიურამმა ოლივიე ჟირუ შეცვალა. ხოლო რანდალ კოლო მუანიმ უსმან დემბელე. მილანის ფორვარდს რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა საკუთარ 4 გოლს ვერაფერი შემატა.

სანაცვლოდ, უმცროსმა წიურამი აქტიურად შემოვიდა, ხოლო რანდალ კოლო მუანიმ მუნდიალზე სადებიუტო გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ დეშამს კატარში წიურამი კოლო მუანი თავიდან არ მიჰყავდა, თუმცა ნკუნკუსა და ბენზემას ტრავმების შემდეგ მიონხენგლადბახის ბორუსიისა და ფრანქფურტის აინტრახტის შემტევები მუნდიალზე მოხვდნენ.

კოლო მუანის გოლი მუნდიალების ისტორიაში ცვლილებაზე გამოსვლიდან მესამე ყველაზე სწარაფი გოლია. მან თავის გამოჩენა 44 წამში შეძლო.

მაროკოს ყველაზე რეალური საგოლე შანსი 90+4 წუთზე ჰქონდა, თუმცა ჟულ კუნდემ აბდელრაზაკ ჰამდალას არ გაატანინა. საბოლოოდ 2-0 და საფრანგეთი ფინალშია.

18 დეკემბერს, ფინალში საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება.

საკვანძო სტატისტიკა