კილიან მბაპეს დუბლი, ოლივიე ჟირუს გოლი და საფრანგეთში 1/4 ფინალშია. ერთადერთი რაც პოლონეთმა მოახერხა, რობერტ ლევანდოვსკის ზუსტად შესრულებული პენალტია.

მესამე მეოთხედფინალისტი საფრანგეთია. დიდიე დეშამის გუნდმა პოლონეთი 3-1 დაამარცხა. ანგარიში 44-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ კილიან მბაპეს გადაცემით გახსნა. ამ გოლით მილანის შემტევი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, 52 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჟირუმ, რომელსაც ლე ბლუში 25 წლამდე არ ეთამაშა, ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 51 გოლი ჰქონდა.

მიხნიევიჩის გუნდი, რომელსაც მუნდიალის ფლეიოფში 1986 წლის შემდეგ არ ეთამაშა, ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, თუმცა ტაიმში კარი მშრალად მაინც ვერ შეინახა.

მეორე ნახევარში, მბაპემ წინ უფრო აქტიურად წასულ პოლონეთს კიდევ ორი გოლი გაუტანა. ბომბარდირთა დავის ლიდერი საგოლე გადაცემებით უსმან დემბელემ და მარკუს წიურამმა მოამარაგეს. პსჟ-ის ფორვარდს მუნდიალებზე 9 გოლი დაუგროვდა.

ერთადერთი რაც მატჩის დარჩენილ დროში პოლონეთმა მოახერხა პრესტიჟის გოლი იყო. დამატებული დროის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტის ნიშნულიდან, ორჯერ დაარტყა. პირველად, ბარსელონას შემტევს უგო ლორისმა აუღო, თუმცა ფრანგ მეკარეს დარტყმის მომენტში ფეხი ხაზზე არ ედგა. მეორე მცდელობით, ლევანდოვსკი უფრო დამაჯერებელი იყო. საბოლოოდ 3-1 და ინგლისი-სენეგალის წყვილში გამარჯვებულს სწორედ სამფეროვნები შეხვდებიან.

საინტერესოა, რომ მატჩის შედეგი და მეტიც, ზუსტი ანგარიში საფრაგენთის პრეზიდენტმა გამოიცნო. ლე პარიზიენთან საუბარში ემანუელ მაკრონმა ივარაუდა, რომ ლევანდოვსკის გოლის მიუხედავად საფრანგეთი 3-1-ს მოიგებდა.

მომდევნო შეხვედრას საფრანგეთი 10 დეკემბერს ინგლისი-სენეგალის წყვილის გამარჯვებულის წინააღმდეგ ჩაატარებს.